logoეს შენ გეხება

www.esshengexeba.ge
facebook fr fr fr fr
ისევ გვისმენენ!...

კამპანია „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ" 2014 წლის მარტში არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა წამოიწყო. კამპანიაში ჩართული ორგანიზაციები და მოქალაქეები არ გამოხატავენ არცერთი პოლიტიკური სუბიექტის ინტერესს და არ არიან რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის ინტერესების გამტარებლები.

 

კამპანია მიზნად ისახავს მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობით და ჩართულობით არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეცვლას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური გარანტიის დაცვას. 

 

კამპანიის დაწყება   საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების მიერ უკონტროლო ფარული მიყურადების წარმოებამ განაპირობა, რომელიც რამდენიმე წელია, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, საგამოძიებო ორგანოები წლების განმავლობაში, ყოველგვარი კონტროლისა და ნებართვის გარეშე, უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ საქართველოს რიგით მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, პოლიტიკურ აქტივისტებს, ადვოკატებს, სასულიერო და სხვა პირებს.

 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულ მმართველ კოალიციას ამ მიმართულებით არანაირი სისტემური ცვლილება არ განუხორციელებია. დაპირების მიუხედავად, სამართალდამცავ ორგანოებს კვლავ აქვთ შეუზღუდავი წვდომა კავშირგაბმულობის ოპერატორთა მონაცემებთან და მოქალაქეთა შორის ყველა სახის კომუნიკაციასთან. 

 

ცხადია, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სამართალდამცავ უწყებებს უნდა ჰქონდეთ ტექნიკური საშუალებების გამოყენებით პირთა ვიწრო წრის მიმართ თვალთვალისა და მიყურადების უფლება, მაგრამ ეს უნდა ხორციელდებოდეს უკიდურეს შემთხვევაში და ეფექტური მონიტორინგის პირობებში, რითაც გამოირიცხება იმ პირების პირადი ცხოვრების ხელყოფა, რომელთაც არანაირი კავშირი არ აქვთ სამართალდამცავების მიერ გამოსაძიებელ დანაშაულთან.

 

არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფის მოთხოვნაა კანონის მიღება, რომელიც განსაზღვრავს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ძირითად პრინციპებს და უზრუნველყოფს პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი საქმიანობის ან საცხოვრებელი ადგილის, პირადი ჩანაწერის და კომუნიკაციის პატივისცემის, კერძო და საჯარო ინტერესებს შორის ჯეროვანი და გონივრული ბალანსის დაცვას; შეიქმნას პროცესებზე ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმები და/ან მარეგულირებელი  ორგანო.