logoეს შენ გეხება

www.esshengexeba.ge
facebook fr fr fr fr
ახალი ამბები
02.03.2017

ფარული მიყურადების მარეგულირებელი ახალი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და საქართველოს კონსტიტუცია ისევ ირღვევა

 

1 მარტს საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ფარული საგამოძიებო ღონისძიებების განსახორციელებლად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაქვემდებარებული ახალი სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს.


კამპანიის „ეს შენ გეხება“ წევრებს მიაჩნიათ, რომ პარლამენტის მიერ აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის მიღება არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უგულვებელყოფის სამწუხარო პრეცედენტი. ცხადია, რომ აღნიშნული რეფორმით არათუ ვერ გვარდება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კუთხით ქვეყანაში არსებული პრობლემები, არამედ  კიდევ უფრო მატულობს პერსონალურ მონაცემთა ხელშეუხებლობის დარღვევის რისკები.


რეფორმის შედეგად:


·         მცირდება ფარული მოსმენების პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კონტროლი - მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არასაკმარისად ეფექტურად მიიჩნია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის აქამდე მინიჭებული მაკონტროლებელი მექანიზმი, რომლითაც ინსპექტორს შეეძლო სატელეფონო საუბრების მიყურადების როგორც ინიცირებაზე, ისე შეწყვეტაზე გადაწყვეტილების მიღება, რეფორმის შემდეგ ეს მექანიზმი კიდევ უფრო შესუსტდა. ფარული სატელეფონო მოსმენების დაწყების პროცესში ინსპექტორი აღარ მონაწილეობს და მას მხოლოდ ღონისძიების შეწყვეტის უფლებამოსილება შეუნარჩუნდება.

·         ფარული მოსმენები არა ერთი ადგილიდან, არამედ რამდენიმე სტრუქტურული დანაყოფიდან განხორციელდება - ამ დრომდე სატელეფონო საუბრების მიყურადებასა და ჩაწერაზე მხოლოდ ერთი სამსახური (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი) იყო უფლებამოსილი. რეფორმის შემდეგ ახლადშექმნილ სააგენტოს  შეუძლია ჰქონდეს ტერიტორიული ორგანოები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ზოგადად სამსახურის ძალაუფლების მასშტაბებსა და პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის რისკებზე;

·         სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში შექმნილი სააგენტო კერძო ბიზნესის საქმიანობაში ჩაერევა - სამართალდაცვითი და ოპერატიულ-სამძებრო ფუნქციების გარდა, სააგენტო კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გარკვეულ კომპეტენციებსაც ითავსებს: მონაწილეობას იღებს კომპანიებს ლიცენზირების პროცესში, აქვს უფლება შეამოწმოს ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიები და მოსთხოვოს მის მიერ დადგენილი პარამეტრების შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა და განთავსება. ამით, ცალსახად, მძიმდება კერძო კომპანიების უფლებრივი მდგომარეობა. საბოლოო ჯამში კი სააგენტოს ამგვარი ძალაუფლებით აღჭურვა ისევ მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას უქმნის საფრთხეს.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი სააგენტო ფართო უფლებამოსილებებით იქნება აღჭურვილი და ის არამარტო ტექნიკურად განახორციელებს სატელეფონო საუბრების ფარულად მიყურადება-ჩაწერას, არამედ აწარმოებს ფარულ საგამოძიებო და კონტრდაზვერვით საქმიანობასაც. სააგენტო, ამავდროულად ითავსებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კომპეტენციას როგორც ლიცენზირების, ისე ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიების შემოწმების და მათ მიმართ სავალდებულოდ დასაკმაყოფილებელი ტექნიკური მოთხოვნების წაყენების ნაწილში.

გარდა ამისა, სააგენტოს შეუნარჩუნდა პირდაპირი წვდომა ელექტრონულ კომუნიკაციებზე, ახალი სამსახურის ფართო უფლება-მოვალეობების გათვალისწინებით კი მას კვლავაც ექნება მაქსიმალურად დიდი ინფორმაციის (მათ შორის პერსონალური მონაცემების) დამუშავების ინტერესი. შესაბამისად, სამსახურის მიერ ზემოაღნიშნული ტექნიკური შესაძლებლობა ბოროტად გამოყენების საშიშროება კვლავაც არსებობს.

 

იქიდან გამომდინარე, რომ 2017 წლის 1 მარტს მიღებული კანონით გათვალისწინებული ცვლილებები ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, კამპანია „ეს შენ გეხება“ გააგრძელებს ამ საკითხზე მუშაობას და შეეცდება გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი მექანიზმი ახალი  კანონის შესაცვლელად.