logoეს შენ გეხება

www.esshengexeba.ge
facebook fr fr fr fr
ახალი ამბები
15.05.2017

საკონსტიტუციო სასამართლომ კამპანია „ეს შენ გეხებას“ მიერ მომზადებული სარჩელი დაარეგისტრირა

საკონსტიტუციო სასამართლომ „კამპანია ეს შენ გეხებას“ მიერ მომზადებული სარჩელი დაარეგისტრირა. ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს 277-მა მოქალაქემ გაასაჩივრა. რეგისტრირებული სარჩელი უკვე გამოქვეყნდა საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე.


ჯერჯერობით უცნობია, როდის დანიშნავს სასამართლო აღნიშნული სარჩელების არსებით განხილვას. რეგლამენტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის ვადა რეგისტრაციის მომენტიდან 4 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.


აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს, 1996 წლიდან დღემდე, სულ 1217 სარჩელი აქვს მიღებული, აქედან 277 კამპანია „ეს შენ გეხებას“ მიერ მომზადებული, ფარული მიყურადების შესახებ კანონთან დაკავშირებული მოქალაქეთა სარჩელებია.


31 მარტიდან 6 აპრილამდე საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ჰქონდა შეევსო კამპანიის მიერ მომზადებული ელექტრონული სარჩელი. აღნიშნული სარჩელების საკონსტიტუცი სასამართლოში წარდგენა სწორედ კამპანიამ უზრუნველყო. სარჩელები სამი ქალაქის - თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მასშტაბით შეგროვდა.


ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე სცნო არაკონსტიტუციურად. თუმცა, საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები. ცნობილია, რომ პრეზიდენტმა სამჯერ დაადო ვეტო კანონპროექტს, რომელიც დაძლეულ იქნა პარლამენტის მიერ.


მესამე სექტორი, პრეზიდენტი, სახალხო დამცველი და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ფარული მიყურადების შესახებ ახალი კანონმდებლობა კვლავ ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და საქართველოს კონსტიტუცია ისევ ირღვევა. ახალი კანონმდებლობით კიდევ უფრო მატულობს პერსონალურ მონაცემთა ხელშეუხებლობის დარღვევის რისკები. სწორედ ამიტომ მოამზადა კამპანია „ეს შენ გეხებამ“ ელექტრონული სარჩელის ფორმა, რომელმაც საქართველოს ყველა მოქალაქეს მისცა, მის ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, აღნიშნული კანონმდებლობის გასაჩივრების შესაძლებლობა. 


აწ მოსმენების კანონის გასაჩივრებას დამოუკიდებელი სარჩელით გეგმავს სახალხო დამცველი. პრეზიდენტი კი, საკონსტიტუციო სასამართლოს, მოსამართლის მეგობრის სტატუსით მიმართავს.